თბილისი, 31ივლისი — Sputnik. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, შეიძლება ქვეყნის ეკომონიკაზე უარყოფითად იმოქმედოს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა პარასკევს, 31 ივლისს. ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის წინააღმდეგ არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არამედ სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გამოდიოდნენ.
„ჩვენ, ისევე როგორც არასამთავრობი, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები, ვითხოვდით კანონპროექტზე ვეტოს დადებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ფინანსური სისტემა დაანგრიოს“, —განაცხადა რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თუ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა, ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას საბოლოოდ გაანადგურებს, აღნიშნა რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია ვეტო დაძლიოს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ.
კანონპროექტის ავტორმა, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა მარგველაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომა მოითხოვა. მისი სიტყვებით, მარგველაშვილმა „ქართული ოცნება“ გამოიყენა და ამ გუნდის წყალობით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის ირგვლის ატეხილი აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა, რაც კატეგოტიულად მიუღებელია, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.