თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ებოლის საწინააღმდეგო ვაქცინამ VSV-EBOV ასპროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა იმისათვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ წამალში, დამატებითი კვლევებია საჭირო, განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენდირექტორის თანაშემწემ მარი-პოლ კინიმ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ვვარაუდობთ, რომ მსოფლიო ებოლას საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის მიღების ზღურბლზე დგას… კვლევები ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა წინასწარი ტესტების შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციიდან ათი დღის შემდეგ 2014 ვაქცინირებული ადამიანიდან არცერთი არ დაავადებულა ებოლათი“, — თქვა მან.
კინიმ დაამატა, რომ საკონტროლო ჯგუფში, რომელიც 2380 ადამიანს ითვლის და რომელიც სამი კვირის შემდეგღა აიცრა, მხოლოდ 16 ადამიანი დაავადდა. ამგვარად, ტესტების ანალიზი მოწმობს, რომ ვაქცინა VSV-EBOV, რომლის გამოცდაც გვინეაში მიმდინარეობდა, ეფექტურია 75%-100%-ით. თუმცა წამალში ბოლომდე დასარწმუნებლად დამატებითი კვლევებია საჭირო, მათ შორის, 6-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ვაქცინა VSV-EBOV ვეზიკულარული სტომატიტის ვაქცინას ეფუძნება, რომელშიც ებოლას გენია ჩანერგილი. ის კანადაში შეიმუშავეს, მაგრამ მასზე უფლება ამერიკულ კომპანიებს — NewLink Genetics და Merck Vaccines ეკუთვნით. კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი გვინეაში ტარდება. საუბარია, ეგრეთ წოდებულ, წრიულ ფორმატზე, რომელსაც 1970-იან წლებში იყენებდნენ ყვავილის სამკურნალოდ. ამ ტექნოლოგიის თანახმად, ირჩევა ერთი დაავადებული, ანუ საინდექსო პაციენტი, სწავლობენ მის კონტაქტებს და შემდეგ ყველა ეს საკონტაქტო პირი ახალი ვაქცინით იცრება — რარა თქმა უნდა, მათი თანხმობით.
ვაქცინაცია 23 მარტს დაიწყო და შერჩევით ჩაუტარდა 4 ათასზე მეტ ადამიანს. პროცესი 26 ივლისამდე გაგრძელდა. ვაქცინა VSV-EBOV-ის ეფექტურობა დაადასტურა დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტ-დამკვირვებელთა საბჭომ. ამ ჯგუფმა რეკომენდაცია მისცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, აცრას ყველა პაციენტი, რომლებიც ადრე უკვე დათანხმდნენ წრიულ ფორმატში ტესტირებას.