თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა შეძლებს იმ ვეტოს დაძლევას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკისგან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონპროექტს დაადო, თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ 31 ივლისს.
წარსულში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე. იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა 1 აგვისტოდან იგეგმება.
„მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კანონს, რომელიც უკვე მიიღო პარლამენტმა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავძლიოთ ეს ვეტო. მიგვაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი. სწორედ ისინი ფიქრობდნენ გარკვეული ალტერნატივების შემოტანას. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი აისახა პრეზიდენტის შენიშვნებსა და ვეტოში“, — განაცხადა კობახიძემ
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტერნეტიული კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.