თბილისი, 31ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ კანონპროექტის იმ ვარიანტს, რომელიც ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში ყოფნას ითვალისწინებს.
მარგველაშვილმა პარასკევს, 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების თაობაზე განცხადება გააკეთა. კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებლად ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს, ჩემს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და ალტერნატიული კანონპროექტის მიღებით უკეთეს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ჩვენს ქვეყანას“, — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.
ვეტო — ეს კონფრონტაციის ინსტიტუტი კი არა მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყნისთვის უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, აღნიშნა პრეზიდენტმა.
ალტერნატიული კანონპროექტი ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა, განმარტა მარგველაშვილმა.