თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში აშშ-ის მიერ სანქციების გაფართოების პასუხად, ასიმეტრიულ ქმედებებს არ გამორიცხავენ, თუმცა ეს თვითმიზანი არ არის.
„მთლიანობაში, ნაცვალგების პრინციპი, რაღა თქმა უნდა, ასეთ სასანქციო გაცვლა-გამოცვლაში — ეს საბაზო პრინციპია. ამასთან, არ შეიძლება გამოირიცხოს რაიმე ასიმეტრიული ქმედებები. თუმცა, კვლავ ვიმეორებ, რომ ეს თვითმიზანი არ არის. აშშ-ის სანქციების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგადაა ცნობილი და ის არ იცვლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სანქციები უკანონოა, რომ ისინი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, რომ ისინი არსებით ზიანს აყენებენ ორმხრივ ურთიერთობებს, და რაც მთავარია, ამერიკის ეს ნაბიჯები არ ემსახურება რაიმე კონკრეტულ მიზანს“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
„ნეგატივის გარდა, ამ ნაბიჯებს, სამწუხაროდ, არაფერი სხვა არ სდევს“, — დაამატა მან.
ხუთშაბათს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 11 ფიზიკური და 15 იურიდიული პირის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე განაცხადა. სიის ფიგურანტებს შორის არიან რუსი ბიზნესმენი რომან როტენბერგი და უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟი ალექსანდრე. სიაში ასევე არიან იჟევსკის მექანიკური ქარხანა, კონცერნი „იჟმაში“, ყირიმის მთელი რიგი პორტები, „ვნეშეკონომბანკისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა უილიამ სტივენსმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „არ ემსახურება ესკალაციას, ეს რუტინული ნაბიჯია, რათა გაძლიერდეს უკვე არსებული შემზღუდავი ზომები“. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალ სანქციებს კავშირი არ აქვს გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის რეზოლუციაზე ვეტოს დადებასთან.