თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ სააკაშვილის თანამებრძოლის, ანდრო ბარნოვის ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩადენილი ქცევა პოლიციელების გაუგონარ შეურაცხყოფად შეაფასა.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ, ანდრო ბარნოვმა ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“ 16 ივლისს სკანდალი მოაწყო მას შემდეგ, რაც იქ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა. ის უყვიროდა პოლიციელს და ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებდა ბრალს.
„მან გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, რომლებიც დე-ფაქტო საზღვარზე ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს იცავენ. რაც შეეხება [სასამართლო] პროცესს, ჩვენთვის მთავარია ის, რომ მისი დაცვა უზრუნველყოფილია“, — განუცხადა თალაკვაძემ ტელეარხ „რუსთავი2-ს“ პარასკევს, 31 ივლისს.
სასამართლო პროცესი ამ საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში პარასკევს გაიმართება.
გასულ კვირაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლმა უარი განაცხადა გორის შინაგან საქმეთა სამმართველოში მისვლაზე. მან საკუთარ ბლოგზე პოლიციიდან მიღებული წერილი გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ არ აპირებდა ამ მასკარადში მონაწილეობას.
ბარნოვი ირწმუნება, რომ პოლიციას მის მკაცრ პროტესტზე რეაგირება საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, რომელმაც ეს დავალება თავის მხრივ, გრიგორი კარასინისგან მიიღო.