თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დაიწყო 500კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა“ მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა, იუწყება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.
„რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში საქართველოში 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდა“ აიგება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, მისმა შვილობილმა კომპანიებმა „ენერგოტრანსმა“ და ფინურ-ინდურმა კონსორციუმმა ELTEL-EMC ხელი მოაწერეს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის მეორე კომპონენტს.
პროექტის მიზანია მთავარი, 500 კილოვატიანი გადამცემი ქსელის გაფართოება საქართველოში. პროექტი 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის აგებას ითვალისწინებს უკვე არსებული ქვესადგურ „ქსანის“ ქვესადგურ „სტეფანწმინდასთან“ დასაკავშირებლად, რომლის აშენებაც იგეგმება.
ელექტროგადამცემი ხაზის საერთო სიგრძე დაახლოებით 100 კილომეტრი იქნება. პროექტი სავარაუდოდ 2017 წლის მაისში დასრულდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მლნ ევროა, და მას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.