თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სამხრეთ ოსეთი ჯერჯერობით არ აპირებს ქართული მხარისთვის დროშის დაბრუნებას, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ჩამოვხსენით, განაცხადა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითიმ ჟურნალისტებთან საუბრისას 30 ივლისს.
ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს.
„გამოძიების დამთავრებამდე დროშის დაბრუნებას არ ვაპირებთ, რადგან ის ნივთმტკიცებაა“, — განაცხადა გაგლოითიმ ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ.
ეს უკვე მეორე შეხვედრაა ინციდენტების აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 10 ივლისს ვითარების დაძაბვის შემდეგ. მოლაპარაკებები ტრადიციულად სოფელ ერგნეთში, ადმინისტრაციულ საზღვართან გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა მოქალაქეებმა სოფელ ხურვალეთთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის სანაცვლოდ 14 ივლისს აღმართეს. იმ დღეს ადგილზე რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო. დილიდან მიტინგს მართავდნენ ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც წააქციეს და გათელეს ერთ-ერთი ბანერი.
ორი დღის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს და გააფრთხილეს ქართული მხარე, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დამრღვევს დააპატიმრებდნენ.
„ბანერების დადგმა გაგრძელდება და ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმესთან შევათანხმოთ, სად გავაკეთებთ ამას“, — დაამატა გალოითიმ.