თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015-ის“ მესამე დღემ საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.
რობინზონ ბეგლარიშვილი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში უძლიერესი ძიუდოისტი გახდა. ფინალურ ორთაბრძოლაში მან იტალიელი მანუელ ლომბარდი დაამარცხა. ქართველი გულშემატკივრები სხვა ძიუდოისტებმაც გაახარეს — ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ) და ნატალია ყიფშიძემ (-48 კგ), რომლებიც ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
განსაკუთრებით წარმატებული ეს დღე იტალიის ნაკრებისთვის გამოდგა, რომელიც ფესტივალის მედლების საერთო ჩათვლაში ლიდერი გახდა. ოქრო საკუთარ ქვეყანას ძიუდოისტებმა: ჯოვანი ესპოზიტომ (-66 კგ) და მოცურავე ნიკოლო მარტინენგიმ მოუტანეს, რომელიც ბრასით 200 მეტრზე ცურვაში პირველი იყო.
ამგვარად, იტალიის ნაკრებს 5 ოქრო დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით რუსეთის გუნდს გადაასწრო. ეს უკანასკნელი დღეს უმაღლესი სინჯის ჯილდოს გარეშე დარჩა.
საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჰოლანდიის ნაკრებმა, რასაც ის 1 500 მეტრზე სირბილში გამარჯვებულ მერელ ვან დერ მარელს უნდა უმადლოდეს.
აღნიშვნის ღირსია სლოვენელი მოცურავეების გამოსვლა. მათ ანგარიშზეა ორი ოქროს მედალი. იანია სეგელმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გაიმარჯვა, ხოლო მეორე იანიამ — გვარად იამშეკმა, 200 მეტრით ზურგზე ცურვაში სძლია ყველას.
ფესტივალის ოქრო გერმანიის წარმომადგენლებმაც მოიპოვეს, რომლებმაც მანამდე 5 ვერცხლი აიღეს. იოჰანეს ჰინტცემ ყველაზე სწრაფად დაფარა 200 მეტრიანი დისტანცია კომპლექსურ ცურვაში და საკუთარ ქვეყანას ოქროს მედალი არგუნა.
შეჯიბრის მეოთხე დღეს, 30 ივლისს მედლების 17 კომპლექტი გათამაშდება.