თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები 29 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციის ამსახველ ალტერნატიულ კანონპროექტს გაეცნენ.
მარგველაშვილი მანამდე აცხადებდა, რომ ვეტოს დაადებდა იმ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის სტრუქტურას უნდა გამოეყოს. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი და ახლა პრეზიდენტის ხელმოწერაღაა აუცილებელი.
„კანონპროექტი სრულად ასახავს ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიციებს, ასევე სრულად ასახავს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციებს, სადაც საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში“, — განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.
ვეტოს შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს, დაამატა აბაშიშვილმა.
ეროვნული ბანკის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხა ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც კატეგორიუად მიუღებელია, თქვა მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.