თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თქვა, რომ ექსპრემიერი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა წინადადებას, დააფინანსოს დაჭრილი სამხედროების მკურნალობა.
„როცა მინისტრად დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა, თუმცა დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ“, — ციტირებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ თინათინ ხიდაშელს.
კაპრალი რამაზ დავითაია 2012 წლის 20 ივნისს, ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიჭრა მძიმედ. ის საქართველოში, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 2015 წლის 8 ივნისს.