თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კახეთში ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება, განაცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრში „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციაზე დაყრდნობთ.
1 აგვისტოდან ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი კომპანია „ენერგო–პროს“ აბონენტებს 1 კვტ.სთ–ზე 3,95 თეთრით ეზრდებათ. კომპანია ქვეყნის ტერიტორიის 70%–ს ფარავს. შესაბამისი გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ 23 ივლისს მიიღო.
მარეგულირებელ კომისიაში ტარიფის კორექტირებაზე განაცხადი „თელასმაც“ შეიტანა. კომპანია ტარიფის აწევას ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაცემის, შეძენილი ელექტროენერგიისა და მისი განაწილების გაძვირებისა გამო ითხოვს.
„2013 წელს, როცა „ენერგო — პროს“ და „თელასს“ 10% — ით დაუკლეს ტარიფი, კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების რეჟიმში იყო და აღნიშნული ცვლილება არ შეხებია. ეხლა სამივე კომპანიას თითქმის იდენტური ტარიფები აქვს და კახეთში სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის აუცილებლობა არ დგას“, — განაცხადა კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფის გაზრდის თხოვნით კომპანიამ სემეკს რამდენიმე თვის შემდეგ მიმართოს.
ხელისუფლება სოციალურად დაუცველი ფენისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს, რათა ელექტროენერგიის ტარიფის აწევა არ აისახოს მათ ბიუჯეტზე.
საქართველოს მთავრობას 20 მლნ ლარი (დაახლოებით 9 მლნ აშშ დოლარი) დასჭირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირებისთვის.
2013 წელს საქართველოს მთავრობამ და ენერგოგამანაწილებელმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს 2013 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევის მემორანდუმს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაკოტრების რეჟიმში მყოფი სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სუბსიდირებისთვის (რომელთანაც ტარიფის დაწევაზე საუბარი არ ყოფილა) 2.8 მლნ ლარი გამოიყო, რათა ელექტროენერგიის ტარიფი მთელ ქვეყანაში ერთნაირი ყოფილიყო.