ქადაგიძე: საბანკო ზედამხედველობის სამსახურის სებ-იდან გამოყოფა ანტიკონსტიტუციურია

© https://www.facebook.com/nbg.gov.geსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონში ცვლილებები ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას გულისხმობს, რომელიც არცერთ ორგანოს არ დაექვემდებარება.

თბილისი, 28 ივლისი —  Sputnik.  საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფა ანტიკონსტიტუციურია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს არღვევს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ ინიცირებული ცვლილებებზე კომენტარისას.

კანონში ცვლილებები ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებლად  ფინანსური  ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას გულისხმობს, რომელიც არცერთ ორგანოს არ დაექვემდებარება. კანონპროექტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.

 „კანონპროექტი სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან არის უამრავი მუხლი, რომელიც თითოეულმა შეიძლება სხვადასხვაგვარად წაიკითხოს, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის სამომავლოდ“, — განაცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამშაბათს, 28 ივლისს.

ამ კანონის მიღების ერთადერთი მიზანია მოხდეს როგორც ეროვნული ბანკის დასუსტება და გახლეჩა, ასევე საქართველოს პრეზიდენტის, როგორც კონსტიტუციის ძალთა ბალანსის გარანტის როლის შემცირება, აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

„აღნიშნული კანონის ასეთი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს მთლიანად სექტორს, უკვე აზარალებს ინვესტორების განწყობას და საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს მის უარყოფით შედეგებს“, — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა მანამდე განმარტა, რომ კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ცვლილებების შეტანით საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ირღვევა. მისი სიტყვებით, საქართველოს პრეზიდენტი კანონპროქტს ვეტოს დაადებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ვეტოს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო დეპუტატებისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას", — განმარტა ქადაგიძემ. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი აქტიურ კონსულტაციებს გადის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რიგ შენიშვნებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც არაერთხელ განაცხადა აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადების მზაობის შესახებ,  ამ დრომდე უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0