თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მუშაობის სპეციფიკა, ზოგადად, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და გეზ-ის (გაფორმების ეკონომიკური ზონა) პროცედურები გააცნო, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
კონტეინერების კონტროლის დანაყოფი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ევროკავშირი კონტეინერების კონტროლის პროგრამის ერთ-ერთი დონორია. აღნიშნული დანაყოფის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის — კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში.
სატვირთო კონტეინერების კონტროლს საქართველოს შემოსავლების დეპარტამენტის ოფიცრები კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ.
კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ანალოგიური დანაყოფი ფუნქციონირებს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ ხუთი გეზ-ი ფუნქციონირებს. პირველი 2010 წლის დეკემბერში გაიხსნა თბილისის ერთ-ერთ რაიონში, მეორე — 2011 წლის იანვარში ხელვაჩაურის რაიონში, მესამე — 2011 წლის მარტში ფოთში, მეოთხე 2012 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ხოლო მეხუთე 2014 წლის ივნისში თბილისში.
გეზ-ის შექმნა ახალი ეკონომიკური კურსის ნაწილია, რომელიც ბიზნესმენებისთვის სამართლიანი, მარტივი და საიმედო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას გულისხმობს.