თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამშაბათს, 28 ივლისს გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ბერლინში 14 ივლისს გაემგზავრა, რათა მკურნალობის მომდევნო კურსი გაევლო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ გულსისხლძარღვთა მუშაობისთვის აუცილებელი იყო დამატებითი ინვაზიური სამკურნალო ჩარევა.
„ღვთის წყალობითა და თქვენი ლოცვით მშვიდობიანად დავბრუნდით გერმანიიდან. ექიმებმა მკურნალობის კურსი ჩამიტარეს. გული მძიმე მდგომარეობაში მქონდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა“, — ბრძანა ილია მეორემ წმიდა სამების ტაძარში ქადაგებისას.