თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ელექტორენერგიაზე ტარიფის მომატების შემთხვევაში, თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიან სამშაბათს, 28 ივლისს.
მას შემდეგ, რაც „ენერგო–პრო ჯორჯიას“ განაცხადის საფუძველზე სემეკმა რეგიონებში ენერგოტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისი განაცხადით ენერგომარეგულირებელ კომისიას კომპანია „თელასმაც“ მიმართა.
„თბილისში ელექტროენერგიაზე გადასახადის მატების შემთხვევაში, დამატებით ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს“, – განაცხადა ნარმანიან ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა ამისა, თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაორმაგა ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ვაუჩერის ოდენობა.
ზამთრის სეზონზე მაღალი კომუნალური გადასახადების გამო, თბილისის მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში სპეციალურ ვაუჩერს 100ლარის ოდენობით იღებდა. თანხა ხუთ თვეზე ნაწილდებოდა.
2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ვაუჩერის ოდენობა 500 ლარამდე გაიზარდა.
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში 23,3 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახია. ეს სტატუსი იმ ოჯახებს ენიჭებათ, რომელთაც 70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.