თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის, „უნივერსიტეტის“ მშენებლობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, 25 წლიანი პაუზის შემდეგ, სამშაბათს განახლდება, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ხელისუფლება რიგით 23-ე სადგურის ორ წელიწადში დასრულების პირობას დებს.
შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება 83 მლნ ლარზე მეტს (დაახლოებით 36,8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
მეტრო საქართველოს დედაქალაქში 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და თბილისი ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ მხრივ მეოთხე ქალაქი გახდა მოსკოვის, მაშინდელი ლენინგრადისა და კიევის მეტროების შემდეგ. ამ დროისათვის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზადაა განლაგებული: ვარკეთილი-ახმეტელისა და საბურთალოს ხაზები. მათი საერთო სიგრძე 26.3 კილომეტრია.