თბილისი, 27 – ივლისი Sputnik. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ ფესტივალის გახსნის ცერემონიას დასწრებოდნენ, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.
ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასულ კვირას გაიმართა. ეს მასშტაბური ღონისძიება თბილისში პირველად ტარდება.
„ადამიანებს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, შეექმნათ დაბრკოლება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში. საქართველოში სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგნორირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, გაითვალისწინოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
აღნიშნულ განცხადება სახალხო დამცველმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე გააკეთა.