პარლამენტმა ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის ქმედებებზე რეზოლუცია მიიღო

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ“ პარლამენტის 148 დეპუტატიდან 82-მა ერთხმად დაუჭირა მხარი. საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik.  რეზოლუცია ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის ქმედებებზე საქართველოს პარლამენტმა  24 ივლისს, პარასკევს ერთხმად მიიღო.

 სიტუაცია ცხინვალის რეგიონისა (სამხრეთ ოსეთის)  და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან 10 ივლისს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა აბრები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი რუსმა სამხედროებმა დააყენეს. 

 საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით  „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ“ პარლამენტის 148 დეპუტატიდან 82-მა ერთხმად დაუჭირა მხარი. საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

 პარლამენტმა ასევე განიხილა და კენჭი უყარა " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტის — "რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღმეში გადმოწვის თაობაზე", მაგრამ მას მხოლოდ 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 50 კანონმდებელი წავიდა. 

 საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეზოლუციის პროექტში ძირითადი მოთხოვნა კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება იყო.

 პარლამენტის მიერ 24 ივლისს მიღებული რეზოლუციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

                                                                       საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია 

            რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ

 საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შემდგომ, ომის შედეგად ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია მიმართულია ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონში სტაბილურობისა და განვითარებისათვის აუცილებელი მდგომარეობის უზრუნველყოფაზე.

 ხელისუფლების ყველა შტოს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, ისევე როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის ფუნქციის  გაძლიერება.

 ვითარების სირთულის მიუხედავად, სწორედ ამ ამოცანების რეალიზაციის საჭიროება გვკარნახობს არსებული შიდა და საგარეო დაპირისპირებების მოსაგვარებლად მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობას, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიის განუხრელ რეალიზაციას. 

 სუვერენიტეტის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის ეკონომიკური, სოციალური თუ სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტიების შექმნა, საქართველოსთან მიმართებაში ერთიანი საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა — ესაა საქართველოს პარლამენტის მიერ განცხადებული საერთო პოზიცია და მთავრობის წინაშე დასმული ამოცანა.

 საქართველო სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. ამდენად,პოლიტიკური პოზიციების რადიკალური დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მოლაპარაკებების გზა აირჩია რუსეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. 

 საგანგებო მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოების მხრიდან, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური და ფინანსური თანადგომის შეუქცევადობას. 

 შექმნილი ვითარება გვიჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების, კონკრეტულად საქართველოს მიმართ, არ გამოხატავს ანალოგიურ პასუხისმგებლობას: მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან ხელოვნური გამყოფი ხაზის კიდევ ერთი მონაკვეთის მონიშვნა, კერძოდ სოფელ ხურვალეთს, წითელუბანსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ორჭოსანის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან. 

 ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება რომ რუსეთის მხრიდან ეს პროვოკაციული ქმედება განხორციელდასაქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის უშუალო სიახლოვეს, იმ მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს ბაქო-სუფსის საერთაშორისო მილსადენის ნაწილი.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:

 1. კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

 2. გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის, საკუთრებასა და გადაადგილებაზე ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის პოლიტიკის გაგრძელებას.

 3. აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედება უპირისპირდება საქართველოს ძალისხმევას რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

 4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

— ინტენსიურად გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის (შესაძლებლობის) გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში;

— ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილონ მითითებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი;

— უზრუნველყოს ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის აღრიცხვა, დონორული და საბიუჯეტო სახსრების მობილიზება მათთვის შემწეობის აღმოსაჩენად. ამ მიზნით მუშაობის ინტენსიფიკაციისთვის გააქტიურდეს2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა;

— განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხემოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი.

 5. მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე სტრატეგიის ჩამოყალიბების, აგრეთვე მოლაპარაკებების მიმდინარეობის განხილვის მიზნით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე და აუცილებლობად მიიჩნევს ამ მიმართებით ძალისხმევის მუდმივ კოორდინირებას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისა და კომისიის ფორმატში.

 6. მოუწოდებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს, ინტენსიური პერიოდულობით,უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 7. მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ საეხლმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მათი ლიდერებისადმი, რომლებმაც ობიექტური შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს და უზრუნველყოფენ საქართველოს ინტერესების მუდმივ მხარდაჭერას. 

ყველა ახალი ამბავი
0