თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს (Cristian Urse) შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, აღნიშნულია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კრისტიან ურსემ კატერინა ბოლონეზე (Caterina Bolognese) შეცვალა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას ორი წელი ხელმძღვანელობდა.
„საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში", — განაცხადა ღარიბაშვილმა პარასკევს, 24 ივლისს შეხვედრაზე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებსა და კონფლიქტისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ”საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები გამოჩნდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ის რუსმა ჯარისკაცებმა დააყენეს.