თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ პოლიციაში არ გამოცხადდება. პოლიცია ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მისი ქცევის კანონიერებას შეისწავლის.
ბარნოვმა სკანდალი ცხინვალის რეგიონის ”საზღვართან” 16 ივლისს, მას შემდეგ მოაწყო, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან საქართველოს დროშა ჩამოხსნეს. მან პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
”სამწუხაროდ, მათ ვერაფრით დავეხმარები. თუ ისინი კარასინის (რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) დავალებით მიწვევენ, ამ მასკარადზე რაიმე რეაგირებას არ ვაპირებ”, — განაცხადა ბარნოვმა პარასკევს, 24 ივლისს ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში.
გუშინ, ბარნოვმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა ქალაქ გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს წერილი, რომლის თანახმადაც ბარნოვი პოლიციაში პარასკევს უნდა გამოცხადდეს.
სააკაშვილის თანამებრძოლმა ისიც დაწერა, რომ ივანიშვილი კარასინის დავალებით სთხოვს პოლიციას, როგორმე მოახდინონ რეაგირება მის ხისტ პროტესტზე.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ”საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ის რუსმა ჯარისკაცებმა დაამონტაჟეს.