თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის” დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე ”უსახლკაროთა შესახებ”, რომელსაც საქართველოს პარლამენტს მიმსინარე წლის სექტემბერში წარუდგენს, განაცხადა ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან ნანავამ ხუთშაბათს, 23 ივლისს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში.
ორგანიზაციის ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის” წარმომადგენლებმა სოციალური პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” განხორციელების შედეგების პრეზენტაცია გამართეს. პროექტმა სტარტი თბილისში რამდენიმე თვის წინ აიღო. ის როზა ლუქსემბურგის (გერმანია) ფონდის მოსკოვის განყოფილებისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება. თავად ორგანიზაცია 2011 წელს შეიქმნა.
”ჩვენ გავაფართოვეთ ”უსახლკაროს” ცნება, რადგანაც ის ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ჩვენ ის ოთხ კატეგორიად დავყავით: ადამიანები, რომელთაც სახლ-კარი არ გააჩნიათ, პირები, რომელთაც ღამის გასათევი ადგილი აქვთ, მაგრამ ამ მომენტისთვის საცხოვრებლად არ გამოდგება. მესამე კატეგორია — ეს არის ოჯახი, რომელსაც დროებითი საცხოვრებელი აქვს და მეოთხე კატეგორია — ადამიანები, რომელთაც ამჟამად საცხოვრებელი ადგილი აქვთ, შეიძლება ისინი რომელიმე ბინის მფლობელები არიან, მაგრამ გამოსახლება ემუქრებათ”, — განაცხადა ნანავამ.
იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ამ უწყების საქმიანობა უშუალოდ საქართველოში მცხოვრები უსახლკაროების პრობლემებზე მუშაობა იქნება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომელიც სახელმწიფოს მიერ უსახლკარო ადამიანებისთვის გამოყოფილ ფულად სახსრებს გააკონტროლებს. დოკუმენტი პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” ფარგლებში შემუშავდა.
”დღეს არ არსებობს არანაირი იურიდიული ფორმა, რომელიც ამ ადამიანების (უსახლკაროების) ცხოვრებას დაარეგულირებდა”, — განაცხადა პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” კოორდინატორმა მადლენა ხუროშვილმა.
ხუროშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ კანონპროექტი განხორციელდეს, მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო, რაც უსახლკაროთა თემის პოპულარიზაციას ეხება — შეხვედრა-სემინარები მედიის წარმომადგენლებთან და სოციალური სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ორგანიზაცია ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის” პროექტის დაფინანსების მიზნით, ”როზა ლუქსემბურგის” ფონდისთვის მიმართვას გეგმავს.
”აუცილებელია, პროექტის დასრულებული სახე გავაცნოთ საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კანონპროექტის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი”, — განაცხადა მადლენა ხუროშვილმა.
ორგანიზაციის ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის” თავმჯდომარე თამარ იოვაშვილის განცხადებით, ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული ათასი უსახლკაროა. მათი აღწერა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. აღწერასთან ერთად, უსახლკარო ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ.