თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის კრიტიკის პასუხად, ხუთშაბათს, 23 ივლისს ოფიციალური მოსკოვი ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტების აღკვეთისა და მათზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმების ფარგლებში „საზღვრის“ საქართველოს სიღრმეში გადაწევის ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან დაკავშირებით, სახეზეა საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტოების პროვოკაციული ხასიათის განცხადებები, რომლებიც მედიამ აიტაცა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო, პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვას, ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის დაძაბვასა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების დაბრკოლებას ისახავს მიზნად“, — ნათქვამია საგარეო უწყების პრეს–სამსახურის კომენტარში.
საქართველო არასდროს იტყვის უარს თავის ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, წერია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, გაიყვანოს თავისი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან.
ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან გაჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“.