თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის გადატანა ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე გამონაკლისი არ იქნება, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგი არ დაიწყება. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც რუსული საინფორმაციო სამსახურის ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართა.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გორის რაიონის სოფლებთან გაჩნდა ”სასაზღვრო” ბანერები წარწერით ”სამხრეთ ოსეთი”. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ეს ბანერები რუსმა ჯარისკაცებმა დაამონტაჟეს.
”ჩვენს რადიკალურ და არადიპლომატიურ პოზიციას რუსეთის მხრიდან ასეთივე პოლიტიკა მოჰყვება. თუ ასეთ პოლიტიკას გავაგრძელებთ, ხურვალეთი და ორჭოსანი გამონაკლისი არ იქნება. ასეთივე პრობლემები იქნება სამხრეთ ოსეთის სხვა მონაკვეთებსა და აფხაზეთის საზღვრებზეც. ამ საკითხისადმი ერთადერთი სწორი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებაა”, — აღნიშნა კუკავამ.
კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი კოალიცია ”ქართული ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
”ჩვენი მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მას რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგის დაწყების მანდატი არა აქვს. მაშინ, როდესაც თითქმის უკვე იწურება ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის მხრივ არა თუ რაიმე შედეგი, ირკვევა, რომ ასეთი დიალოგი საერთოდ არც დაწყებულა. და ეს პირველ რიგში, ქართული მხარის ბრალია”, — აღნიშნა მან.
კუკავამ, ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ქართული მხარის რექციასა და განცხადებებს არასერიოზული უწოდა.
”საქართველოს მთავრობას რეაქცია მხოლოდ იმაზე ჰქონდა, რომ მილსადენის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ესე იგი, რომ არა მილსადენი და დასავლელი ნავთობკომპანიების ინტერესები, ასობით სოფელი და ის, თუ როგორ იცხოვრებს ათობით ათასი ადამიანი სამხრეთ ოსეთის რეჟიმის პირობებში, არავის აღელვებს. ეს იყო ქართული მხარის არასერიოზული განცხადებები და არასერიოზული რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვრეაგირებთ დევნილების უფლებებზე, არ ვრეაგირებთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის გადაწყვეტა”, — განაცხადა კუკავამ.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.