თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ბორდელში აერია და განაცხადა, რომ არასდროს უვლია „ბოზებში“.
დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ეკა ხერხეულიძე ოჯახის დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა, რომელმაც ჯაჭვლიანის პარლამენტის სხდომაზე არყოფნა EBRD–ის ფორუმზე დასწრებით ახსნა.
„ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ბრძანა ამ რამდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი EBRD-ზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე EBRD-ზე ვერასოდეს ვერ ვიქნები. ერთგული მეუღლე ვარ!.. მე ბოზებში არ დავდიოდი…“, — ასეთი ტექსტი წაიკითხა ჯაჭვლიანმა სხდომათა დარბაზში ოთხშაბათს.
„EBRD–ზე სიარულში“ დეპუტატმა წინა ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.
„ეს იბიარდობა დღემდე ეტყობა ქვეყანას“, — თქვა მან.
EBRD–ის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ კომენტარი ჯაჭვლიანის გამოსვლაზე.