თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. პირდაპირი დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის აუცილებელია იმისათვის, რომ ცხინვალის რეგიონის „საზღვარი“ მეტად აღარ გადმოიტანონ ქვეყნის სიღრმეში, განაცხადა პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ 22 ივლისს, ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
სიტუაცია ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან 10 ივლისს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი რუსმა სამხედროებმა დააყენეს.
თუკი ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და არ დაიწყებს დიალოგს რუსეთთან, საზღვრების გადაწევის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ კიდევ მრავალჯერ გამოვხატავთ აღშფოთებას და ასევე მრავალჯერ გამოხატავენ აღშფოთებას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ თუ არ იქნება პირდაპირი დიალოგი, ამას რეალური შედეგი არ მოჰყვება“, — განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. პასუხად საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან.
საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელა, თუმცა არა ტერიტორიული პრინციპების სანაცვლოდ.