თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოთხშაბათს, 22 ივლისს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. მოლაპარაკებები მხოლოდ ორ ფორმატში მიმდინარეობს: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ირაკლი აბაშიძის შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან.
„რუსულ მხარესთან ჩემი შეხვედრებისას, გამოითქვა პირდაპირი თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთი-ერთზე შეხვდნენ თავის პარტნიორებს — იმ პირებს რომლებიც მათ რანგს შეესაბამებიან“, — აღნიშნა ბურჯანაძემ პრეს-კონფერენციაზე.
უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხიდან გამოიყვანოს, რუსული მხარე მზად არის მოლაპარაკებები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართოს, აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
10-11 ივლისს ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო სათათბიროსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.