თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, „ნატო“-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრეს, — ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, იმავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყნის „ნატო“-ში ინტეგრაციის პროცესზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
მოკავშირეები ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს მიესალმნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესიც. ელჩებმა საქართველოს „ნატო“-ს მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მოუწოდეს ქვეყანას განაგრძოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტს 23 ივლისს დაასრულებს.