თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს, — ამის შესახებ ოთხშაბათს, 22 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვემდე პერიოდში, ირაკლი კვინტრაძემ და ირაკლი თედიაშვილმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ბრალდებულ პირს, პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოსძალეს 9000 აშშ დოლარი.
„გამოძებით ასევე დგინდება, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე საზოგადოებაში ხშირად იყენებდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების სახელს, მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად თავის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონით მათი თანდასწრებით აკეთებდა ინსცენირებას თითქოსდა საუბრობდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების მაღალ თანამდეობის პირებთან, მათი სახელით პირდებოდა მოქალაქეებს სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას და ვითომდა დახმარების მიზნით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად სძალავდა დიდი ოდენობით ფულად თანხებს“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
ადვოკატსა და მისი თანამზრახველს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მოქალაქეებს სიფხიზლისაკენ მოუწოდებს და მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, თხოვს დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარ პროკურატურას.