თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ყველანაირი შუამავლის გარეშე უნდა ვისაუბროთ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც ოთხშაბათს, 22 ივლისს გაიმართა.
„საქართველოს ტერიტორიბი ოკუპირებულია. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რომ ეს პროცესი მომავალშიც არ გაგრძელდეს. არსებობს ამ პრობლემის შეჩერების ორი გზა: პირველი — ომი და მეორე — რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ომით რაც მივიღეთ, ყველამ ვიცით და ვნახეთ“, — ციტირებს ჯაჭვლიანის სიტყვებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.
დეპუტატი თვლის, რომ ამერიკა, ევროპა და რუსეთი საკუთარი ინტერესების თანამხმად მოქმედებენ, საქართველოსთვის კი არაფერი იცვლება.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავს არავინ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, თავგზას გვიბნევენ. ჩვენ ნაბიჯი უნდა გადავდგათ და რუსეთთან შუამავლების გარეშე დავიწყოთ საუბარი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს“, — განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფდერაციასთან ურთიერთობის აღდგენა დაასახელა.