თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ტკბილი გაზიანი სასმელების ხშირი მიღება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას არა მარტო ჭარბწონიან ადამიანებში, რომლებიც დიაბეტისადმი (სხეულში ინსულინის უკმარისობა) არიან მიდრეკილნი, არამედ ჯანმრთელ და გამხდარ ადამიანებშიც უწყობს ხელს. ასე დაასკვნეს ბრიტანელმა მედიკოსებმა, რომლებმაც ამის შესახებ სტატია ჟურნალ BMJ-ში გამოაქვეყნეს.
„რა თქმა უნდა, დიაბეტის განვითარების ყველა მიზეზისა და შედეგების სრული დადასტურებისთვის დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს. მაგრამ ჩვენი დასკვნები აჩვენებს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, თუ უარს იტყვის ან შეამცირებს ტკბილი სასმელების მიღებას“, — წერს ნიტა ფორუჰი (Nita Forouhi) კლინიკური მედიცინის კემბრიჯის სკოლიდან (დიდი ბრიტანეთი) თავის კოლეგებთან ერთად.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ფორუჰის ჯგუფი ამ დასკვნამდე თითქმის ორ ათეულამდე წინა კვლევების შედეგების შეჯერებისა და ანალიზის შემდეგ მივიდა. კვლევების ავტორები ცდილობდნენ გაეგოთ, რამდენად ძლიერ უწყობს ხელს მეტაბოლური სინდრომისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას გაზიანი და სხვა ტკბილი სასმელების მიღება.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, დღეს მედიკოსებს, პრაქტიკულად, ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილი ადამიანები რისკის განსაკუთრებულ ჯგუფში არიან, რის გამოც მათ ტკბილ და გაზირებულ სასმელებზე უარი უნდა თქვან ან ძალიან მცირე რაოდენობით მიიღონ.
როგორც ფორუჰისა და მისი კოლეგების კვლევებმა აჩვენა, ამგვარი რისკი არა მარტო ჭარბწონიანი, არამედ სხეულის მასის ნორმალური ინდექსის მქონე ადამიანებისთვისაც არსებობს. გაზიანი სასმელის თითოეული ჭიქა ან პორცია დღეში დიაბეტის განვითარების რისკს საშუალოდ 18%-ით ზრდის.
მხოლოდ აშშ-ში უახლოეს 10 წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი დაავადდება დიაბეტით და აქედან დაახლოებით 2 მილიონი დიაბეტს სწორედ ტკბილი გაზიანი სასმელების გადაჭარბებული მიღების გამო შეიძენს. მედიკოსების პროგნოზით, ევროპულ ქვეყნებში ასეთი ადამიანების რაოდენობა უფრო ნაკლები იქნება, რადგანაც იქ გაზიან სასმელებს ნაკლებად ეტანებიან.