თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე აღნიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მიაღწია, ასევე დადებითად შეფასდა ქვეყნის ძალისხმევა რეფორმების გატარების კუთხით. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონაწილეობდა.
„ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე ელჩები (ალიანსის წევრი-ქვეყნების) ღონისძიებების პაკეტის რეალიზაციაში მიღწეულ პროგრესს მიესალმნენ, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს განვითარებისა და გაძლიერებისკენაა მიმართული“, — აღნიშნულია კომუნიკეში, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ციტირებს.
ნატომ საქართველოს ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ (ალექსანდრ ვერშბოუ) და ელჩებმა საქართველოს მნიშვნელოვან რეფორმებს მაღალი შეფასება მისცეს და ქვეყანას მოუწოდეს, კვლავ ასეთი ძალისხმევით გააგრძელონ. ქართული რეგიონის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ალექსანდრ ვერშბოუმ სრულიად ნათლად აღნიშნა, რომ მოკავშირეები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერენ მხარს“, — აღნიშნულია პრეს-რელიზში.
უელსის სამიტზე ნატომ საქართველოს ღონისძიებათა პაკეტი მოიწონა, რომელიც თავდაცვითი პოტენციალის, სასწავლო მომზადების, წვრთნების, კავშირებისა და ურთიერთკავშირების გამტკიცებას, ასევე ოპერატიული თავსებადობის სფეროებში ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება, მან თბილისთან ახლოს სასწავლო ცენტრი განათავსა, ასევე, ქართულ სამხედრო ძალებთან ერთად ხმელეთსა და ზღვაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებს.