თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო მოარული ხმები მისი მოლდოვას პრემიერ–მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ.
ის, რომ მოლდოვაში მზადდება გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის შესახებ, სამშაბათს, ქალაქ ბელცის მერმა რენატო უსატიმ განაცხადა. მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტისგანაც მიიღო უკვე თანხმობა. საკითხი ასევე შეთანხმებულია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტთან.
„მე სიმპათიით ვარ განწყობილი მოლდოველი ხალხისადმი და წარმატებას ვუსურვებ მოლდოვას, მაგრამ მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე გამოძახებით. უკრაინაში იმიტომ ვარ, რომ მიყვარს აქაურობა და მას, საქართველოს შემდეგ, საკუთარ სახლად მივიჩნევ. თუ უკრაინისთვის საჭირო გახდება, მზად ვარ დაუფიქრებლად დავთმო სიცოცხლე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ოთხშაბათს, 22 ივლისს.