გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტს შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს

© photo: Sputnikსავაჭრო პროდუქტები
სავაჭრო პროდუქტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების ეტიკეტირების წესების დარღვევა 5 ათასი ლარით (2,3 ათასი აშშ დოლარი) ჯარიმდება, ხოლო იმპორტიორს 30 დღე ეძლევა შეუსაბამობის გასასწორებლად.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმებსა და მათგან დამზადებულ გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებზე კონტროლს შემოსავლების სამსახური განახორციელებს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოში 1 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიზანია  მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის თაობაზე. 

ფინანსთა  მინისტრის ბრძანების თანახმად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტისას, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი, სხვა პროცედურებთან ერთად, ადგენს ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობას და ამოწმებს დოკუმენტებს. 

კანონი არეგულირებს ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას. კერძოდ, თუ პროდუქტის შემადგენლობაში გენმოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%–ზე მეტს შეადგენს, ამ შემთხვევაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის  მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში უნდა იყოს დატანილი წარწერა „გმო“, ხოლო  თავად გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტზე, იგივე ადგილას, უნდა ეწეროს „გმ“. წარწერები მეტად თვალსაჩინო, მკვეთრად გამოსახული და მომხმარებლისთვის იოლად აღსაქმელი უნდა იყოს. 

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ეტიკეტირება ვერ ხერხდება, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, პროდუქტს თან დაურთოს ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია. 

ეტიკეტირების წესების დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ისჯება ჯარიმით 5 ათასი ლარის (2,3 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით, ხოლო განმეორებითი დარღვევისას — 10 ათასი ლარით (4,5 ათასი აშშ დოლარი). დაჯარიმებულ ბიზნესოპერატორს, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაასწორებს ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობას, ასევე დაეკისრება ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით. 


ყველა ახალი ამბავი
0