თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აიღო, განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ორშაბათს, 20 ივლისს, თბილისში ვიზიტისას.
სიტუაცია ცხინვალის რეგიონისა (სამხრეთ ოსეთის) და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან 10 ივლისს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი რუსმა სამხედროებმა დააყენეს.
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია… ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ყველა ვალდებულება რომელსაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს“, — განაცხადა ტუსკმა.
სამშაბათს, ევროსაბჭოს პრეზიდენტი აპირებს ცხინვალის რეგიონის „საზღვრისაკენ“ გაემგზავროს და ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას.
ადმინისტრაციულ საზღვართან აბრების გამოჩენით აღშფოთებულმა საქართველოს მცხოვრებლებმა 14 ივლისს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან მოხსნეს ერთ-ერთი აბრა და მის ადგილას საქართველოს დროშა დააყენეს. საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლო ამ ადგილას დიდხანს არ დაყოვნებულა — 16 ივლისს იგი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მესაზღვრეებმა მოხსნეს.
„საზღვართან“ მომხდარ მოვლენებს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითიმ პროვოკაცია უწოდა და მათი განმეორების შემთხვევაში ოფიციალური თბილისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა.