თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველო ლიდერია ევროკავშირის პროექტ „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილე ქვეყნებს შორის, განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა თბილისში ვიზიტისას.
საქართველო „აღმოსავლეთის პარტნოირობის“ იმ სამ ქვეყანას შორის არის, რომელთაც 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.
„საქართველო რეალური ლიდერია „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ და ეს არის არა კომპლიმენტი, არამედ ფაქტი. შეთანხმება ასოცირების შესახებ, რომელსაც გასულ წელს მოვაწერეთ ხელი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში“, —განაცხადა ტუსკმა ორშაბათს, 20 ივლისს.
ამ კონტექსტში მან აღნიშნა პროგრესი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამყარების მიმართულებით. მისი თქმით, შემუშავებულია ამბიციური დღის წესრიგი ამ პროცესის დასრულების მიზნით.
ოფიციალური თბილისი სავიზო რეჟიმის გამარტივებას ევროკავშირთან 2016 წლისათვის იმედოვნებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს ატარებს საკანონმდებლო სისტემაში და მოჰყავს იგი ევროპულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მეორე ფაზის სამოქმედო გეგმის (VLAP) 15- დან 7 ძირითადი მოთხოვნა შეასრულა.