თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პრობლემები ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს, რადგან შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოში დაუშვებელია, განაცხადა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ.
ადმინისტრაციულ საზღვარზე სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 20 ივლისს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩარჩოში, მოწვეულ იქნა რიგგარეშე შეხვედრა.
„ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ ყველა საკითხი დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ და თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული დაპირისპირება და შეიარაღებული პირების გადაადგილება („საზღვრის“ გასწვრივ — რედ.შენიშვნა)“, — განუცხადა ჟურნალისტებს ენუქიძემ შეხვედრის შემდეგ.
მხარეებმა მოილაპარაკეს პრობლემები გადაწყვიტონ შეხვედრებზე როგორც ერგნეთში, ასევე ჟენევის საერთაშორისო შეხვედრების მსვლელობისას, აღნიშნა მან.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივნისს გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები „სამხრეთ ოსეთი“. რამდენიმე დღის შემდეგ, აღშფოთებულმა საქართველოს მცხოვრებლებმა ამოიღეს ერთ-ერთი ბანერი და მის ადგილას საქართველოს დროშა დააყენეს.
საქართველოს დროშა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ორი დღე იდგა. 16 ივლისს იგი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მესაზღვრეებმა მოხსნეს და გააფრთხილეს ქართული მხარე, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევას დაკავება მოჰყვება.