თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იტყობინება პროკურატურის პრეს–სამსახური ორშაბათს, 20 ივლისს. 14 წლის მოზარდს, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟი დაეჯახა, სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და შესაბამისად, დადგინდება ავარიის მიზეზი“, –განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი აღმაშენებლისა და ლესელიძის ქუჩების კვეთაზე გადასვლას ცდილობდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბავშვი რამდენიმე მეტრზე გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.