თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პარასკევს, 17 ივლისს, პლაკატებით ხელში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის სახლთან შეიკრიბა. პლაკატებზე სიტყვები „მოღალატე“ და „პაატა პუტინი“ ეწერა.
მანამდე ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ რუს მესაზღვრეებს ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი არ გადაუკვეთავთ. სიტუაცია ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან „სამხრეთ ოსეთის“ აღმნიშვნელი ბანერები გაჩნდა.
„ეს ერთმნიშვნელოვნად მოღალატეობრივი და უკანონო პოზიციაა“, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, უფლებათადამცველმა გოგა ონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აქციას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ორგანიზატორი, „პატრიოტთა ლეგიონის“ წარმომადგენელი ბესო გაზდელიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ჟურნალისტებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მოხსნეს ბანერი წარწერით „სამხრეთ ოსეთი“ და გათელეს. შემდეგ ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს, რომელიც შემდეგ ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მოხსნა. მათ გააფრთხილეს ქართული მხარე, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევის ფაქტს შესაბამის რეაგირება და დაკავება მოყვება.