თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, 22 წლის შემდეგ, „მკვლელობის“ მუხლით აღადგინა გამოძიება საქართველოს პირველი პრეზიდენტის — ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საქმეზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა პარასკევს, 17 ივლისს აცნობა.
ზვიად გამსახურდია 1993 წელს გაურკვეველ ვითარებაში სოფელ ჯიხაშკარში (სამეგრელოს რეგიონი) დაიღუპა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. პირველი პრეზიდენტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის მოკლეს.
„შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს გამოძიებას“, — თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.
კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფმა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უკვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო და დაკითხა რამდენიმე მოწმე.
გარდა ამისა საზღვარგარეთ გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივ დახმარებაზე. თუმცა ჯერ არ ზუსტდება კონკრეტულად რომელ ქვეყანაში. გამსახურდიას ოჯახმა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, საქმის მასალებთან მთლიანი წვდომა მიიღო.
ზვიად გამსახურდია სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან 1992 წლის იანვარში „თბილისის ომით“ ცნობილი სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად გადააყენეს. ექს-პრეზიდენტის დაღუპვიდან ორი თვის შემდეგ, მისი ნეშტი ოჯახის მოთხოვნით, გროზნოში გადაასვენეს.
ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას საფლავი დაიკარგა და მხოლოდ 2007 წელს იპოვეს. 2007 წლის მარტში, დონის როსტოვში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ, გამსახურდიას ნეშტი კვლავ საქართველოში დააბრუნეს.