თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში პოლიტოლოგიაში ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩააბარა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ნორვეგიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრეივიკმა განაცხადი უნივერსიტეტში ივნისის შუა რიცხვებში შეიტანა. როგორც სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ ოსლოს უნივერსიტეტზე დაყრდნობით იუწყება, ტერორისტი განათლებას საპატიმრო კამერაში დაეუფლება.
უნივერსიტეტის რექტორმა ოლე პეტერ ოტერსენის განმარტებით, „ნორვეგიის საპატიმროების ყველა ბინადარს შეუძლია განათლების მიღება თუ (მათი მომზადების დონე) მიმღები კომისიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“.
ორი წლის წინ ბრეივიკს უარი ეთქვა უნივერსიტეტში მიღებაზე, ვინაიდან მიმღები კომისია უკმაყოფილი დარჩა მისი მომზადების დონით, იუწყება სააგენტო.
2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ოსლოს სამთავრობო კვარტალში აფეთქება მოაწყო, რომლის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. მან ასევე ცეცხლი გაუხსნა კუნძულ უტოიაზე არსებულ ნორვეგიის მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკს, რასაც 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორისტს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელის ვადა, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გაიზარდოს.