თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამი აფეთქება ნიგერიაში, რომელთა შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სამმა არასრულწლოვანმა გოგონამ განახორციელა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიგერიის ქალაქ დამატურუს ჩრდილო–აღმოსავლეთით სამი აფეთქება მოხდა: ორი — ღია მოედანზე, სადაც მუსლიმები იდ ალ–ფითრის საპატივცემულოდ ლოცვას აღავლენდნენ, ხოლო მესამე — მეჩეთთან ახლოს.
„ცამეტი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომლებიც სამმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელმა გოგონამ მოაწყო… დაშავებულია 15 ადამიანი“, — მოჰყავს სააგენტო „ფრანს პრესს“ პოლიციის წარმომადგენლის, მარკუს ლანლადის სიტყვები.
ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა აფეთქებებზე.
ნიგერიაში ძალზე აქტიურობს რადიკალ–ექსტრემისტთა დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“. მისი წევრები განათლების დასავლურ მოდელს ეწინააღმდეგებიან და მთელ ქვეყანაში შარიათის დაკანონებას მოითხოვენ. ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების უკან, უმეტესწილად, ეს დაჯგუფება დგას.