ჭყოიძე: შედეგის მიღება ღარიბაშვილისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ შეიძლება

© photo: Sputnikარჩილი ჭყოიძე
არჩილი ჭყოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსი მესაზღვრეების მიერ ქართულ სოფლებთან ”საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების შედეგად, მის ”საზღვრებს” მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი დარჩა. ასევე ერთი ბანერი თბილისი-გორის ავტომაგისტრალიდან 500 მეტრში გაჩნდა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიღოს, განაცხადა რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ”საქართველოს ევრაზიული არჩევანის” ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ. მან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.

დაძაბულობა 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ”საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების გამოჩენამ გამოიწვია. რამდენიმე დღეში იქ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც ერთ-ერთი ბანერი წარწერით ”სამხრეთ ოსეთი” ჩამოხსნეს და იმ ადგილას საქართველოს დროშა აღმართეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა 16 ივლისს ეს დროშა აიღეს და ქართული მხარე გააფრთხილეს, რომ ”სასაზღვრო რეჟიმის” დარღვევას დაპატიმრება მოჰყვება.

”ჩვენ ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ხვალ თუ ზეგ მცოცავმა საზღვარმა შეიძლება საქართველოს ავტობანს მიაღწიოს. ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება და ამან შეიძლება სახელმწიფოებრიობას წერტილიც კი დაუსვას. ყოველდღიურად გაურკვეველ სიტუაციაში ვხვდებით და არ ვიცით, უახლოეს პერიოდში რა შეიძლება მოხდეს რეგიონში. გამორიცხული არ არის, რომ მალე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ორ ნაწილად გაიყოს. რეალურ შედეგს მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი შეხვდებიან ერთმანეთს”, — განაცხადა ჭყოიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ”უხეში ქმედებები” ქართულ-რუსული დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენას ხელს არ უწყობს. მისი თქმით, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში მშვიდობის გარანტი მხოლოდ ღარიბაშვილისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება გახდეს.

”ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას. თუ კონფლიქტი დაიწყება, ეს ძალიან მძიმე პროცესებთან მიგვიყვანს და ამაში ჩართული აღმოჩნდებიან არა მარტო საქართველო, სამხრეთ ოსეთი ან რუსეთი, არამედ  ამას შეუერთდებიან სხვადასხვა შეიარაღებული და ტერორისტული დაჯგუფებები და ჩვენ შეიძლება ქვეყანა სულ დავკარგოთ”, — მიიჩნევს ჭყოიძე.

სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს მიხეილ სააკაშვილის პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა ქმედებები უქმნის.

”მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი ”ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ პროვოკაციებს, რომლებიც მათთვის არის მომგებიანი. პარტიის ლიდერები ცდილობენ, რომ საქართველოში 2008 წლის მოვლენები გამეორდეს, რადგანაც სააკაშვილმა უკრაინიდან მათ საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის ფონის შექმნა პირდაპირ დაავალა, სააკაშვილს შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე დაბრუნების გეგმა აქვს”, — განაცხადა წითელაშვილმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეების მიერ ქართულ სოფლებთან ”საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების შედეგად, მის ”საზღვრებს” მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი დარჩა. ასევე ერთი ბანერი თბილისი-გორის ავტომაგისტრალიდან 500 მეტრში გაჩნდა.

ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომლითაც ნავთობი საქართველოს შავიზღვისპირა ტერმინალამდე მოდის, 1999 წელს ამუშავდა. ნავთოვსადენის სიგრძე 830 კილომეტრია. მისი ოპერატორია კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0