თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო და კონკურენციის სააგენტომ საკუთარი უფლებამოსილება განახორციელა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 16 ივლისს, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ნავთობკომპანიების დაჯარიმების თაობაზე, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
„კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტები კონკურენციის სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელის საწვავი) სასაქონლო ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა. კვლევა 2014 წლის 12 ნოემბრიდან 2015 წლის 14 ივლისამდე მიმდინარეობდა. კვლევის შედეგად, შესაბამისმა ეკონომიკურმა აგენტებმა საერთო ჯამში 55 მილიონ ლარამდე ჯარიმა უნდა გადაიხადონ.
„ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, კომპანიების ინტერესებიც, მაგრამ უნდა წავახალისოთ ჯანსაღი კონკურენცია“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც საქართველომ იკისრა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით.
„მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზია, დავა გაგრძელდება სასამართლოში. მთავრობა ამ პროცესში არ ერევა, ეს არის კონკურენციის სააგენტოს დისკრეციული უფლება და აღნიშნული სწორედ მათი გადაწყვეტილება იყო", — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.