თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 16 ივლისს.
ბოლო დღეებში საქართველოს პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე. იქ 10 ივლისს გამოჩნდა „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები, რამდენიმე დღეში კი ბანერებთან ჟურნალისტთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთაც ჩამოგლიჯეს ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“ და გათელეს.
„ეს შედეგია იმ გაუაზრებელი პოლიტიკისა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სააკაშვილი ატარებდა. ეს შედეგია 2008 წლის ომისა, რომელმაც 25 ათასი ლტოლვილი, იძულებით გადაადგილებული პირი, 100 —ზე მეტი დაკარგული სოფელი მოგვიტანა“, — თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა მოუწოდა პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ მსგავს საკითხებს, რათა სტაბილურობა შეინარჩუნონ ქვეყანაში.
„ჩვენი მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დავიწყეთ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის გატარება და მაქსიმალურად ხელს ვუწყობდით სიტუაციის დეესკალაციას რეგიონში, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობას“, განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.