მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პალესტინელი გოგონა მერკელთან საუბრისას ატირდა

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონამ კანცლერს უამბო გამუდმებულ შიშზე, რომელიც მას მუდმივად თან სდევს გერმანიიდან დეპორტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ კანცლერმა ბრძანა, რომ გერმანიას არ შეუძლია ყველა ლტოლვილის მიღება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. პალესტინელი გოგონა, რომელიც სამშობლოდან ოჯახთან ერთად გაიქცა და ლიბანის გავლით გერმანიას შეაფარა თავი,  ანგელა მერკელთან საუბრისას ატირდა. კანცლერთან შეხვედრა როსტოკის ერთ–ერთმა სკოლამ ფედერალური მთავრობის პროექტ „სამოქალაქო დიალოგის“ ფარგლებში მოაწყო. საუბრის ჩანაწერი ტელეარხმა NDR აჩვენა.

პროექტის დევიზია „გერმანიაში ცხოვრება კარგია“. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ფედერალური მთავრობის პოლიტიკას ლტოლვილებთან დაკავშირებით, წერს „რია ნოვოსტი“. გოგონამ, სახელად რეემმა, მერკელს იმ რთულ სიტუაციაზე უამბო, რომელშიც მისი ოჯახი აღმოჩნდა – რომ გამუდმებით ეშინიათ მომავლის და გერმანიიდან დეპორტაციის. „ახლა ჩვენ ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ, ლამის გაგვაძევეს აქედან“, — თქვა გოგონამ, რომელსაც გერმანიაში სწავლა სურს. 

კანცლერმა უპასუხა, რომ ესმის მისი მდგომარეობა, მაგრამ აღნიშნა, რომ გერმანიას არ შეუძლია ყველა მსურველის მიღება. „ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ ადამიანის მიღებას, რომლებიც ლიბანის ლტოლვილთა ბანაკებში არიან“, — თქვა მერკელმა და დაამატა, რომ არსებობენ სხვა ლტოლვილებიც, რომლებიც გერმანიაში „პირდაპირ კონფლიქტების რეგიონებიდან ჩავიდნენ“.  

„გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს, — თქვა მერკელმა, როდესაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადების დამუშავებაზე საუბრობდა. — მაგრამ ბევრს, რა თქმა უნდა,  უკან დაბრუნება მოუწევს“. ამ სიტყვების შემდეგ კანცლერის ნორჩი თანამოსაუბრე ატირდა, ხოლო მერკელი მის დამშვიდებას შეეცადა, მხარზე მოეფერა და უთხრა, რომ „გოგონამ ყველაფერი სწორად გააკეთა“. 

„ვფიქრობ, საუბარი არ არის იმაზე, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა. ის ხომ ძალიან დაძაბულ სიტუაციაშია“, — ჩაერია საუბარში წამყვანი. 

„ვიცი, რომ დაძაბულ სიტუაციაშია. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ჩვენ არ გვსურს მათი ასეთ ვითარებაში ჩაყენება. შენ მაინც ყველაფერი სწორად გააკეთე და ბევრი შენ მდგომარეობაში  მყოფის მაგივრადაც გამოთქვი აზრი“, — დაამატა მერკელმა. 

2015 წელს გერმანიაში ლტოლვილთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებით, 2015 წლის იანვარ–მაისში გერმანიას თავშესაფარი 141 ათას 905 ადამიანმა სთხოვა, მათ შორის 972 ახალი განაცხადი იყო, ხოლო 15 ათას 933 — განმეორებითი. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, გერმანიას თავშესაფარი სთხოვა 62 ათას 602 ადამიანმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0