თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“ ლოკარნოს (Festival del film Locarno) 68–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ფესტივალი 5–15 აგვისტოს გაიმართება, იუწყება საქართველოს ეროვნული კინომატოგრადიის ცენტრი.
„ფილმს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსზე უჩვენებენ“, ნათქვამია კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფილმი „მამა“– ოჯახური დრამაა, რომელიც ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. მრავალწლიანი განშორების შემდეგ ძმები –ნიკა და ლადო მამას ხვდებიან. ოჯახური იდილია ძმებს არ უქარწყლებს სურვლის ბოლომდე ჩაწვდნენ მიზეზს, თუ რატომ წავიდა მათგან მამა.
ლოკარნოს (Festival del film Locarno) საერთაშორისო კინოფესტივალი – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალია ევროპაში. 1946 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტოს თვეში იმართება ლოკარნოში.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი „ხვალინდელი დღის ლეოპარდები“(Pardi di domani) საერთაშორისო და შვეიცარული კინოს
ნომინაციისგან შედგება. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ „ოქროს ლეოპარდი “ და პრემია 10 ათასი შვეიცარული ფრანკის ოდენობით და „ვერცხლის ლეოპარდი“ 5 ათასი შვეიცარული ფრანკის ოდენობით.