ოთხშაბათს ათენის ცენტრში გამართული მიტინგი მკაცრი ეკონომიკის ზომების მიღების წინააღმდეგ არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიარდა.
არეულობის დროს პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა საბერძნეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც დეპუტატები ეკონომიკაში ახალი ზომების მიღებას განიხილავდნენ, რომლებიც ათენს ევროპელი კრედიტორებისაგან ახალი დახმარების მიღების საშუალებას მისცემს. ეკონომიკის გამკაცრებული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას აალებადი სითხით სავსე ბოთლებს ესროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, იუწყება ტელეარხი Skai.
ოთხშაბათის ღამეს პარლამენტის კენჭისყრაზე დეპუტატთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს "სასწრაფო ზომები მოლაპარაკებების ჩასატარებლად და მხარდაჭერის ევროპულ მექანიზმთან თანხმობის დასკვნა (ESM)". 300-ადგილიან პარლამენტში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 229 დეპუტატმა, 64 დეპუტატი იყო წინააღმდეგი, 6-მა კი თავი შეიკავა.
კანონპროექტმა საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. კანონპროექტის შეთავაზება დამატებული ღირებულების გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით, გამოიწვევს ფასის ზრდას საკვებ პროდუქტზე, საწვავზე და სხვადასხვა მომსახურებებზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია ანაზღაურებისა და პენსიების შემცირებაც.