კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრეები კარტელურ გარიგებაში ამხილა

© DSNewsსაწვავი
საწვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობპროდუქტების რეალიზატორი კომპანიები საქართველოს კონკურენციის სააგენტომ კარტელურ გარიგებაში ამხილა და საერთო ჯამში 55 მლნ ლარით (25 მლნ აშშ დოლარი) დააჯარიმა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საავტომობილო საწვავის ბაზრის (ბენზინი, დიზელის საწვავი) კვლევის შედეგად, რომელიც საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა, „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კვლევა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 14 ივლისამდე მიმდინარეობდა. 

კვლევის შედეგების თანახმად, შესაბამისი ეკონომიკური აგენტები ვალდებულები არიან გადაიადონ ჯარიმა საერთო ჯამში 55 მლნ ლარის (25 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რომელიც ეკონომიკურ აგენტებს უკრძალავს ისეთი სახის ხელშეკრულებებს, გადაწყვეტილებებსა და შეთანხმებულ ქმედებებს  (გარიგებას), რომელიც მიზანმიმართულად და არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას, დაჯარიმდნენ შემდეგი კომპანიები: 

• შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ — 14 381 385 ლარი (6,5 მლნ დოლარზე მეტი);

• შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ — 11 267 384 ლარი (5,1 მლნ აშშ დოლარზე მეტი);

• შპს „რომპეტროლი საქართველო“ — 10 845 806 ლარი (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი);

• შპს „ვიკსოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ — 10 426 393 ლარი (4,7 მლნ აშშ დოლარზე მეტი);

• შპს „ლუკოილ ჯორჯია“ — 4 740 260 ლარი (დაახლოებით 2,2 აშშ დოლარზე მეტი);

• შპს „ბინული 1“  — 645 445 ლარით (293,4 ათას აშშ დოლარზე მეტი);

• შპს „L ოილი“ —  1 209 890 ლარი (დაახლოებით 550 ათასი აშშ დოლარი);

• შპს „ი თი აი“ — 1 172 766 ლარი (533,1 ათასი აშშ დოლარი).

„კონკურენციის შესახებ“ კანონის დებულებების დარღვევისთვის, რომლებიც კრძალავს ყიდვა–გაყიდვისას ფასებისა თუ სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ თუ ირიბად დადგენას (დაფიქსირებას), დაჯარიმდა კიდევ 22 კომპანია — თითოეული 200 ათასი ლარით (91 ათასი აშშ დოლარი). 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ბრძანებთ, „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ბათილად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულებების ის დებულებები, რომლებიც ეხება ხელშეკრულების მხარისათვის საქონლის საცალო–სარეალიზაციო ფასის დადგენას. 

 


ყველა ახალი ამბავი
0