თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ წევრებმა ოთხშაბათს, 15 ივლისს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისთან თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს, ამ პარტიის ლიკვიდაციის მოთხოვნით.
აქციის მსვლელობისას არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გაახმოვანა წერილები, რომლებიც მისი თქმით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ადრე მისწერა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვედრის თხოვნით. ამასთან დაკავშირებით, სადღობელაშვილმა ნათელაშვილი რუსეთთან შეთქმულებაში დაადანაშაულა.
„ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ნათელაშვილის წერილები პუტინისადმი, მედვედევისადმი და სხვა და სხვა რუსი ჩინოვნიკების მისამართით“ — განაცხადა სადღობელაშვილმა.
ამასთან ის ამტკიცებს, რომ თავის დროზე, ამჟამად ბრალდებული მერაბიშვილი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს შსს-ს, ხოლო მოგვიანებით მთავრობას ხელმძღვანელობდა, ვინმე უცხოელი ბიზნესმენის მეშვეობით, ასობით ათას დოლარს გადასცემდა ნათელაშვილს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, არა ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ინციდენტების გამო ყოფილი მმართველი ძალის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია — „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ გამართული აქციებისას.